
თანამშრომლობის მემორანდუმი ,,კენგურუსთან“
21 მარტს თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ,,კენგურუს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნის მასშტაბით მათემატიკური განათლების პოპულარიზაცია და მისი მხარდაჭერა.მემორანდუმს ხელი მოაწერეს GAST-ის დირექტორმა ირაკლი მანელიძემ და კენგურუს დირექტორმა არჩილ ელიზბარაშვილმა.
თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის სკოლაშივე ჩატარდა ოლიმპიადა, რომელშიც I-VI კლასის 60-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადაზე წარმოდგენილი სავარჯიშოები არ წარმოადგენს მხოლოდ მათემატიკის სახელმძღვანელოს სტანდარტულ ამოცანებს, არამედ მოიცავს მრავალფეროვან თემებს. კრეატიული აზროვნების გარდა, მათი ამოხსნა მოითხოვს სისხარტეს, წარმოსახვას, ძირითად გამოთვლის უნარებს, ლოგიკურ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიის დასახვის უნარს.
,,კენგურუ” არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, რომელშიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს მსოფლიოს 120-მდე ქვეყნიდან. ოლიმპიადის მიზანია მსოფლიოში მათემატიკური ცოდნის ამაღლება და გავრცელება, სკოლებში მათემატიკური განათლების მხარდაჭერა და საზოგადოებაში მათემატიკისადმი პოზიტიური აღქმის ხელშეწყობა.







