ტაეკვანდოს კლუბი გაიხსნა
ხარისხიანი განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესი ჩვენი სკოლის დევიზია. თებერვლიდან თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სპორტულ წრეებს ტაეკვანდო შეემატა. ჩვენს მოსწავლეებს მეშვიდე დანის მფლობელი კორეელი დუხვი ლი ავარჯიშებს, რომელიც 2018 წელს საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის ძალისხმევით ჩამოვიდა კორეული საბრძოლო ხელოვნებისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით.
მასტერ ლის 12-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. საქართველოში ჩამოსვლამდე იგი სამხრეთ აფრიკისა და ინდონეზიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. გარდა სამწვრთნელო მოღვაწეობისა, მას აქვს საერთაშორისო არბიტრის კვალიფიკაციაც.
ტაეკვანდო, კორეული საბრძოლო ხელოვნების ფორმა და სამხრეთ კორეის ნაციონალური სპორტის სახეობაა, რომელიც შიშველ ხელსა და ფეხს იყენებს თავდასხმისა და თავდაცვისთვის. კორეულად ,,ტაე” ნიშნავს ფეხით დარტყმას, ,,კვან” – მუშტის დარტყმას, ,,დო” კი – ხელოვნებას.
ვარჯიშის დროს ყურადღება გამახვილებულია სხეულთან ერთად გონების ვარჯიშზე. ტაეკვანდო ხელს უწყობს სხეულის ზრდასა და გაძლიერებას და ასევე თავდაცვის უნარის გაძლიერებას.