8 რჩევა მშობლებს ბავშვების სასკოლოდ მომზადებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდისგან (UNICEF)
სკოლის დაწყება მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც თქვენი შვილისთვის, ისე თქვენთვის. დღის მნიშვნელოვანი მონაკვეთის ცალ-ცალკე გატარება შესაძლოა გამოწვევად იქცეს და რთული გარდამავალი პერიოდი ახლდეს თან.
გიზიარებთ გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF 8 მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც სასკოლო გარემოში ბავშვის ინტეგრირებაში დაგეხმარებათ.
1. დაგეგმეთ სკოლაში ვიზიტი თქვენს შვილთან ერთად სკოლის დაწყებამდე
კარგი იქნება, თუ შეძლებთ, სკოლას ესტუმროთ თქვენ შვილთან ერთად, პირველ სასწავლო დღემდე, ითამაშოთ სკოლის ეზოში მასთან ერთად, დაათვალიერებინოთ საკლასო ოთახი. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს პირველი დღის სტრესს, რადგან სასკოლო გარემო მისთვის უკვე ნაცნობი იქნება.
2. დაგეგმეთ მომავალი კლასელების გაცნობის მიზნით აქტივობა არაფორმალურ გარემოში
კარგი იქნება, თუ შეძლებთ დაუკავშირდით თქვენი შვილის მომავალი კლასელების მშობლებს და ერთობლივად დაგეგმავთ აქტივობას, რომელიც მათ სკოლის დაწყებამდე დააახლოვებს და დაამეგობრებს.
3. ითამაშეთ თქვენ შვილთან ერთად სკოლობანა
დაეხმარეთ თქვენ შვილს თამაშის გზით გაიცნოს და გაუჩნდეს სასკოლო ცხოვრებისადმი მიმღებლობა. ეტაპობრივად შემოიტანეთ ყოვედღიურობაში განრიგის ცნება – მაგალითად ამბების მოყოლის დრო, სიმღერის დრო, ძილის დრო. შეცვალეთ როლები და მიეცით თქვენ შვილს შესაძლებლობა მასწავლებლის როლი მოირგოს, თქვენ კი მისი მოსწავლის. ეს დაეხმარება თქვენს შვილს სკოლა მიიღოს, როგორც მრავალფეროვანი გარემო, რომელშიც მხიარულებისთვის ბევრი სივრცეა და შეამცირებს სასკოლო ცხოვრების პირველი დღით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს.
4. აქციეთ მომზადების უნარები თამაშად
მომზადების უნარები გადააქციეთ თამაშად. ივარჯიშეთ ღილებისა და ელვაშესაკრავების შეკვრაზე, ზურგჩანთის ჩალაგებაზე და მორგებაზე, ქურთუკის ჩაცმასა და მის საკიდზე განთავსებაში. შეგიძლია ფეხსაცმლის ჩაცმის რუტინა აქციოთ გამოწვევად და შეეჯიბროთ სისწრაფეში, ან დაინიშნოთ დრო და ყოველდღიურად დააკვირდეთ შედეგის გაუმჯობესებას.
5. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება
მოუყევით თქვენ პატარას ისტორიები, რომელიც სკოლაში თქვენი წასვლის პირველ დღეებს უკავშირდება, რა განცდები გქონდათ. დაათვალიერებინეთ სკოლაში პირველ დღეს გადაღებული თქვენი ფოტოები.
6. შექმენით ახალი რუტინა
დაიწყეთ ვარჯიში დაძინებისა და გაღვიძების ახალ დროებზე, რომელიც სასკოლო ცხოვრების განრიგის შესატყვისი იქნება. ღამით ადრე დაძინება მოგცემთ შესაძლებლობას, დილას ადრე გაიღვიძოთ და გქონდეთ საკმარისი დრო მშვიდად, აჩაქარების და დაგვიანების სტრესის გარეშე მოემზადოთ სკოლაში წასასვლელად. სჯობს ახალ განრიგს რამდენიმე თვით ადრე მიეჩვიოთ, რომ მოულოდნელი არ იყოს თქვენი შვილისთვის. ასევე, თუ შეძლებთ, ტრადიციად აქციეთ სასკოლო ტანსაცმლის წინა ღამით გამზადება, დილით ისაუზმეთ ერთად.
7. მოუსმინეთ თქვენ შვილს
კითხეთ თქვენ პატარას რას გრძნობს სკოლაში წასვლასთან დაკავშირებით და გაამხნევეთ, რომ ნორმალურია ჰქონდეს განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო განცდები და ემოციები ამ მოვლენასთან მიმართებაში. აუხსენით, რომ ახალი და მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებას ყოველთვის ახასიათებს როგორც შიშის შეგრძნება, ისე მოლოდინის, თუმცა ეს ყოველთვის სახალისოა. დაარწმუნეთ, რომ თქვენ ყოველთვის იქნებით დღის ბოლოს სკოლასთან მის წამოსაყვანად.
8. შეადგინეთ დამშვიდობების გეგმა
დამშვიდობება თქვენთვისაც და თქვენი შვილისთვისაც შესაძლებელია იყოს რთული მომენტი. როცა ეს დრო დადგება, შეეცადეთ ის იყოს მოკლე და პოზიტიური – უთხარით, რომ ძალიან მალე ნახავთ. შეგიძლიათ მოიფიქროთ დამშვიდობების განსხვავებული გზა – მაგალითად, ხელის ჩარტყმა, წამღერება ან სხვ.