STEM განათლება GAST-ში
თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში STEM განათლებას დიდი ყურადღება ეთმობა. სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია კი ჩვენს მოსწავლეებს STEM მიმართულების საგნების ინტეგრირებულად სწავლებაში ეხმარება.
მე-6 და მე-7 კლასელებმა ფიზიკის გაკვეთილზე ბუნებაში მიმდინარე მოვლენების ექსპერიმენტული კვლევა ჩაატარეს. ისინი თავად გახდნენ წყლის ციკლის იმიტაციის, დიფუზიისა და აორთქლება/კონდენსაციის პროცესების მონაწილეები და დამკვირვებლები.
STEM სწავლების მეთოდი გულისხმობს ამ მიმართულების საგნების მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის თანმიმდევრულად და ინტეგრირებულად სწავლებას, რაც განსხვავდება ტრადიციული განათლების მიდგომისგან, როდესაც თეორიის მექანიკური დაზეპირება ხდება, გააზრებისა და ანალიზის გარეშე.
STEM განათლება შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს ექსპერიმენტში მიიღონ მონაწილეობა, დაუშვან შეცდომები და საკუთარ გამოცდილებისა და დაკვირვებისა საფუძველზე გამოიტანონ დასკვნები და გაიაზრონ ბუნებაში მიმდინარე პროცესები.
კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური ანალიზი, კვლევა და პროექტზე დაფუძნებული სწავლება ქვაკუთხედია STEM განათლებაში. ბავშვები იკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობას, სასწავლო პროცესი კი ბევრად საინტერესო და იმავდროულად სახალისო ხდება.